აღსრულების ეროვნული ბიურო პრევენციული კომუნიკაციის პროექტს განაგრძობს
აღსრულების ეროვნული ბიურო ფინანსურ ვალდებულებათა შესახებ პრევენციული კომუნიკაციის პროექტს განაგრძობს. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, მორიგი ლექცია-სემინარი გორის იუსტიციის სახლში გაიმართა, სადაც ბიუროს თანამშრომლები „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებს შეხვდნენ.
გორის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საუბრის თემა სასესხო პრობლემები იყო. 14-18 წლის მოზარდებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისაგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს, თუ რა უნდა იცოდნენ ვალის, ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული სახდელის შესახებ; რის უფლება აქვთ თავდებობის, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, როგორ უნდა დაიცვან თავი არასასურველი ვალისგან; რა ვადებში უნდა გადაიხადონ ადმინისტრაციული ჯარიმა, რათა თავიდან აიცილონ დამატებითი ხარჯები, დრო და ენერგია.
პრეზენტაციის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს. შეხვედრის ყველა მონაწილეს სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა.
როგორც ბიუროში აცხადებენ, პრევენციული კომუნიკაციის პროექტის მიზანი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების ინფორმირებაა, რათა ბავშვებმა დროულად აწონ-დაწონონ და გააცნობიერონ შესაძლო რისკები, ვიდრე ვალისა და ფინანსური ვალდებულებების აღებას გადაწყვეტენ. ამგვარ შეხვედრებს აღმასრულებლები საჯარო სკოლის მოსწავლეებთან რეგულარულად მართავენ. თითქმის ყველა შეხვედრის შემდეგ ბავშვები აცხადებენ, რომ მიწოდებული ინფორმაციის დიდი ნაწილი მათთვის აქამდე უცნობი იყო და რომ ფინანსური ვალდებულებების აღებას უფრო ფრთხილად მოეკიდებიან.