ე.წ. ესტონურ მოდელთან დაკავშირებით სარა ვილიამსონი პრემიერს მიმართავს

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, სარა ვილიამსონი პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავს და მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელთან დაკავშირებით ამერიკის სავაჭრო პალატის პოზიციას აცნობს.
„პირველ რიგში, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას აღნიშნული რეფორმებისადმი. უდიდესი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და გაამარტივებს საგადასახადო ადმინისტრირების სისტემას, რაც დიდი შვება იქნება ჩვენი წევრებისა და, ზოგადად, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის. უფრო მეტიც, დიდი სურვილი გვაქვს, დაგეხმაროთ ამ ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში პრესისა და საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოების საშუალებით და გვწამს, რომ აღნიშნული გამოიწვევს უფრო მეტ დაინტერესებას საქართველოს მიმართ და გაზრდის ქვეყანაში მოზიდულ ინვესტიციას.
ჩვენ შევხვდით ასოციაციის წევრებს, შემოთავაზებულ რეფორმასთან დაკავშირებით მათი მოსაზრებების მოსასმენად. ჩატარდა დისკუსია კომერციული სამართლისა და საგადასახადო კომიტეტის წარმომადგენლების, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების, ადგილობრივი ბიზნესასოციაციებისა და იმ ექსპერტების მონაწილეობით, რომლებიც ესტონური საგადასახადო სისტემის თავად ესტონეთში იმპლემენტაციის მოწმენი იყვნენ. აღნიშნული ექსპერტები, ჩვენს მსგავსად, დიდი ენთუზიაზმით არიან განწყობილნი ცვლილების მიმართ.
მიუხედავად ამისა, მათი აზრით, რეფორმის იმპლემენტაცია საგადასახადო წლის შუაში საკმაოდ პრობლემატური შეიძლება აღმოჩნდეს. ჩვენი აზრით, კომპანიების მიერ მათ საბუღალტრო საქმიანობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებისათვის ჯერ ძალიან ადრეა. გარდა ამისა, საიმისოდ, რომ კომპანიები მოემზადონ ცვლილებებისათვის, მათ თავიანთი ფინანსური წლის „დახურვა“ ორჯერ -ზაფხულში და ახალი წლისთვის მოუწევთ. აღნიშნული გაზრდის ადმინისტრაციულ ტვირთს, რამაც შეიძლება მიმდინარე წლის მანძილზე ცვლილებით გამოწვეული დადებითი შედეგი სრულად გადაფაროს.
ამდენად, ჩვენ გთავაზობთ, რომ კანონი მიღებულ იქნას მიმდინარე წელს, თუმცა მისი იმპლემენტაცია დაიწყოს 2017 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული საშუალებას მისცემს ბიზნესსაზოგადოებას, დაგეგმოს ცვლილებები და მოამზადოს თანამშრომლები. ეს დრო, ასევე, შესაძლებლობას მისცემს შემოსავლების სამსახურს, მოემზადოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ეფექტური და უპრობლემო იმპლემენტაციისთვის. ჩვენ მზად ვართ კონსულტაციისა და დახმარებისათვის.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენი მოსაზრება არ ამცირებს ჩვენს ზოგად ენთუზიაზმს ცვლილებისადმი. იმედის თვალით შევყურებთ რეფორმის იმპლემენტაციას და თქვენს მთავრობასთან თანამშრომლობის შესაძლებლობას“, – აღნიშნულია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები