სასტუმრო ჰუალინგი: IMEX-ის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, Imex Frankfurt 2025-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე 9 სასტუმრო და კომპანია მონაწილეობს.
„IMEX ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა ტურიზმის სფეროში, განსაკუთრებით საქმიანი ტურიზმის კუთხით და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა. MICE ტურიზმი ჩვენი სასტუმროსთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სეგმენტია და ძალიან მიხარია, რომ შეხვედრები შედგა უცხოურ კომპანიებთან, სადაც ბიზნესმენები, ე.წ. ბაიერები და ვიზიტორები მონაწილეობდნენ“, – განაცხადა სასტუმრო ჰუალინგის წარმომადგენელმა ნინო ასათიანმა.
Imex Frankfurt 2025-ის გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 3100 კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.