დავით ქართველიშვილი: პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფონზე ოპოზიცია რა პროგრამით უნდა წარდგეს მოსახლეობის წინაშე? მათ აკისრიათ კოლექტიური პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერავინ გაექცევა

ოპოზიციის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. როგორც მან განაცხადა, არანაირი პრინციპი და პროგრამა ოპოზიციას არ გააჩნია.

დავით ქართველიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ დაქსაქსულია, მაინც მიიღებს მონაწილეობას 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებში, ოღონდ მთავარია რას ეტყვის მოსახლეობას იმ ფონზე, როცა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომებზე ყოველდღიურად ხდება რადიკალების მხილება სხვადასხვა მძიმე დანაშაულში.

„წლების განმავლობაში ოპოზიციის პოლიტიკურ აქტივობას ასაზრდოებდა ამა თუ იმ ფონდიდან და საერთაშორისო ორგანიზაციიდან შემოსული ფულის ნაკადი. დღეს, თუ დაეჯერება თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიდგომას ყელზე ფეხი დააჭირონ USAID-ის, NED-ის თუ სხვა ფონდების ხაზით თანხების გაფლანგვას, მაშინ მათ არანაირი პერსპექტივა არ რჩებათ (არც ფინანსური მოტივაცია) ამ ქვეყანაში, რომ დარჩნენ თავიანთ დესტრუქციულ და რადიკალურ მდგომარეობაში. არაერთხელ გვინახავს მათი კატეგორიული უარი პარლამენტში მუშაობაზე. თუმცა, შემდეგ მაინც შემოდიოდნენ საკანონმდებლო ორგანოში. ახლაც, ნაწილი გაიყოფა, ნაწილს უბრალოდ რესურსიც არ აქვს მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ ნაწილი, რომელიც დღემდე გვარწმუნებს იმაში, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია და შესაბამისად, არჩევნებიც არალეგიტიმური, ჩვეულებრივად მიიღებს მონაწილეობას 4 ოქტომბრის არჩევნებში და ამას ჩვენ დავინახავთ.

არანაირი პრინციპი მათ არ გააჩნიათ, ისევე როგორც არ გააჩნიათ პროგრამა. მე უბრალოდ მაინტერესებს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობის ფონზე, როდესაც ყოველდღე ხდება იმ რეჟიმის და ამ ოპოზიციის საშინელ დანაშაულში მხილება (ისეთ ფაქტებსა და ეპიზოდებს ვიხსენებთ, რომელიც ზოგს მივიწყებული ჰქონდა, ზოგის შესახებ არც კი ვიცოდით), როდესაც მთელი ქვეყანა უყურებს კომისიის პირდაპირ ეთერებს, რა პროგრამით უნდა წარდგნენ მოსახლეობის წინაშე გინდა თბილისში და გინდა რეგიონებში, რა უნდა თქვან და აღიარონ, როდესაც გამბედაობაც კი არ ჰყოფნით სხვის მიერ ჩადენილზე თქვან უარი. ეს არის კოლექტიური პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ გაექცევიან“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები