მაკა ასათიანსა და გიორგი გაჩეჩილაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ტელეკომპანია “მაესტროს“ ერთ-ერთი მეწილის მაკა ასათიანის ადვოკატის გიორგი გვენეტაძის თქმით, მაკა ასათიანი რამდენიმე საათის წინ ტელეფონით ესაუბრა გია გაჩეჩილაძეს. მისივე თქმით, ამ საუბრის და მოლაპარაკებების მიზეზი ჟურნალისტების მიერ შემუშავებული 5 პუნქტიანი მოთხოვნები იყო.
”მაკა ასათიანი ითვალისწინებს ჟურნალისტების თხოვნას, გაეცნო 5 პუნქტიან პირობებს და თვლის, რომ როგორც ადრე, ახლაც უნდა გაუწიოს ანგარიში ჟურნალისტების მოსაზრებებს. ამიტომ დაიწყო კომუნიკაცია, რათა გაირკვეს, არსებობს თუ არა რაიმე რესურსი მოლაპარაკების მისაღწევად. ამ დონეზე კომუნიკაცია შედგა, რაც შეეხება სხვა დეტალებს, ამის შესახებ ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან ამ პროცესის ერთ-ერთი მთვარი პირობაა ის, რომ საჯარო განცხადებები არ უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.
შ.პ.ს. „ტელეკომპანია მაესტროს“ გენერალური დირექტორის ბაჩო კიკაბიძის თქმით, მთავარია, რომ მოლაპარაკებებში ყველა დაინტერესებული მხარე იყოს ჩართული.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მაკა ასათიანმა განცხადება გაავრცელა და გამოთქვა მზადყოფნა ჟურნალისტების ხუთპუნქტიანი მოთხოვნის გასათვალისწინებლად.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლების ნაწილი მოთხოვნების ხუთპუნქტიან წინადადებას აქვეყნებს, კერძოდ:
1. ტელეკომპანიის ეთერს დაუბრუნდეს ლოგო და სახელი
2. ლევან გაჩეჩილაძეს შეუწყდეს დირექტორის ფუნქცია და პასუხისმგებელ პირად დაინიშნოს ნეიტრალური ადამიანი შეთანხმების საფუძველზე
3. ტელეკომპანიის მიმდინარე საქმიანობაში არ ჩაერიოს არც ყოფილი, არც ახლანდელი დირექტორი, არც დამფუძნებლები
4. უახლოეს დღეებში დაიფაროს მიმდინარე სახელფასო დავალიანება. ჩვენ უზრუნველვყოფთ უწყვეტ ეთერს, თქვენ უზრუნველყავით უწყვეტი დაფინანსება
5. მოლაპარაკების პერიოდში მხარეებმა და მათმა წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისაგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები