მაკა ასათიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია “მაესტროს” მეწილე მაკა ასათიანი მზად არის, თანამშრომლების განცხადებაში დასახელებული აუცილებელი და გადაუდებელი პრობლემების გადაჭრა დაიწყოს. როგორც ასათიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ყველა გადაწყვეტილების მიღება, რაც ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის საჭიროა, უნდა მოხდეს გამჭვირვლედ, ყველა მხარის კონსესუსით, მათ შორის, თანამშრომლების.
“გავეცანი რა ჟურნალისტების 5-პუნქტიან მოთხოვნას, მზაობას გამოვთქვამ, დავიწყოთ იმ აუცილებელი და გადაუდებელი პრობლემების გადაჭრა, რაც მოყვანილია თანამშრომლების განცხადებაში. ამ დრომდე მიმაჩნდა, რომ დიალოგის დრომ გაიარა, მაგრამ რადგანაც ნომერ პირველი საკითხი მაუწყებლობის უწყვეტობა და თანამშრომლების ნორმალური სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაა, მზად ვარ, გავითვალისწინო მათი მოთხოვნა და სურვილი. ასევე მიმაჩნია, რომ ყველა გადაწყვეტილების მიღება, რაც საჭიროა ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის, უნდა მოხდეს გამჭვირვლედ, ყველა მხარის კონსესუსით, მათ შორის თანამშრომლების”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, მაკა ასათიანი ეთანხმება იმასა, რომ ყველა მხარემ უნდა შეწყვიტოს საჯარო განცხადებების გაკეთება და თანამშრომლები სამუშაო გარემოს უნდა დაუბრუნდნენ.
“ეს შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ყველას სურვილი და არა ცარიელი პათეტიკა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლების ნაწილმა მოთხოვნების ხუთპუნქტიანი წინადადება გამოაქვეყნა. ისინი ითხოვენ ტელეკომპანიის ეთერს დაუბრუნდეს ლოგო და სახელი, ლევან გაჩეჩილაძეს შეუწყდეს დირექტორის ფუნქცია და პასუხისმგებელ პირად დაინიშნოს ნეიტრალური ადამიანი შეთანხმების საფუძველზე. ასევე, ტელეკომპანიის მიმდინარე საქმიანობაში არ ჩაერიოს არც ყოფილი, არც ახლანდელი დირექტორი, არც დამფუძნებლები და უახლოეს დღეებში დაიფაროს მიმდინარე სახელფასო დავალიანება.