ირაკლი ოქრუაშვილი: ფარული კადრებით იმ პერიოდშივე აშანტაჟებდნენ ადამიანებს
ფარული კადრებით იმ პერიოდშივე აშანტაჟებდნენ ადამიანებს, – ზოგს ფულის მიტანის მიზნით, ზოგს პოლიტიკური აქტივობის შენელების მიზნით, ბევრს სხვადასხვა მიზნით, – ამის შესახებ თავდაცვის და შს ყოფილმა მინისტრმა, ახლა კი გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „დიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ოქრუაშვილი ფარული კადრების გავრცელებასთან ხელისუფლების კავშირს გამორიცხავს. მისივე თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები წინა ხელისუფლების დროს იწერებოდა.
„ამ საკითხს გამომძიებლის მიდგომებით უნდა მივუდგეთ, უნდა გავიგოთ მოტივი და გავარკვიოთ წარმომავლობა. მოტივი აშკარად ჩანს – ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა. ეს ავტომატურად გამორიცხავს ხელისუფლების მონაწილეობას, შეუძლებელია ხელისუფლებას აწყობდეს ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა, ეს აბსურდია. მეორე – საიდან მოდის. ეს ყველაფერი იწერებოდა წინა ხელისუფლების პირობებში. ყველამ იცის, ძალიან ბევრი ადამიანი იყო მაშინ ამაში ჩართული. ფარული კადრებით იმ პერიოდშივე აშანტაჟებდნენ ადამიანებს, – ზოგს ფულის მიტანის მიზნით, ზოგს პოლიტიკური აქტივობის შენელების მიზნით, ბევრს სხვადასხვა მიზნით. მე რასაც ვუსმენ კომენტარებს და რასაც ვაკვირდები, რა ადამიანებთან მიმართებაში ხდება ეს, თითქმის გამოვრიცხავ, რომ ეს კადრები ამ ხელისუფლების პირობებშია ჩაწერილი“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.