„არ გამოვრიცხავ, რომ დღევანდელი აქციის უკან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იდგნენ“

„დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე მიიჩნევს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადამღები პირები უნდა ემხილებინა.
„ჩვენ აქციაში მონაწილეობა არ მიგვიღია. ამ პრობლემაზე გაცილებით უფრო დიდ ხნით ადრე ვსაუბრობდით და მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება ამ საკითხს კარგად არ მიუდგა. მიუღებელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღება და შემდეგ გასაჯაროვება, მაგრამ ვთვლით, რომ ეს საკითხი კომპლექსურად უნდა განხილულიყო. ხელისუფლებას კადრები კი არ უნდა გაენადგურებინა. ვინც გადაიღო, ისინი უნდა ემხილებინათ. უნდა შეექმნათ პირობები, რომ საქართველოდან დუბლიკატები არ გასულიყო. ნაცვლად ამისა, ფლეშმობები გაიმართა. ცივილიზებულ სამყაროში, პირადი ცხოვრების კადრების გადაღება მიუღებელია. დაგმობა საქმეს არ შველის, ქმედებაა საჭირო, რაც არ ახასიათებს ხელისუფლებას და რაც ცუდია“, – განაცხადა ბარამიძემ.
ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ დღევანდელი აქციის უკან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იდგნენ, რადგან, მისი თქმით, მათ ქვეყანაში არეულობა აწყობთ.
„საზოგადოება აქციაზე არ მივიდოდა. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ამის უკან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იდგნენ. თუ ვინმეს აწყობს არეულობა, ეს მათ აძლევთ ხელს. ხელს ვერავის ვადებ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ასე იყოს. წარსულისკენ ხელის გაშვერა აღარ მუშაობს, ვიცით, რომ საზიზღრობის უკან წინა ხელისუფლება დგას, თუმცა დღევანდელს სათანადო პასუხი არ მოუთხოვია. საზოგადოება იმდენად აღშფოთებულია, რომ დღეს 200 კინკილა კაციც კი არ გამოვიდა აქციაზე, რადგან მომაბეზრებელია, როგორც თავყრილობა შუქდება და როგორი შეფასებებიც ეძლევა, რაც გამაღიზიანებელია ხალხისთვის“, – განაცხადა ბარამიძემ.
თბილისში აქცია – “ეს შენ გეხება” გაიმართა. აქციის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დამნაშავეებმა ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე პასუხი უნდა აგონ. აქცია-მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო და მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა. მასში მონაწილეობა, დაახლოებით, 200-300-მა ადამიანმა მიიღო. აქცია ერთი კვირით ადრე იყო დაანონსებული და ქალაქის ქუჩებში, აქციაზე დასასწრებად მოწოდებები ვრცელდებოდა.
აქციაში მონაწილეობა ძირითადად, საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამინებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა მიიღეს.
დედაქალაქის გარდა აქცია, პარალელურად, რამდენიმე რეგიონში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები