ეკა ბესელია: მოვითხოვ ელისაშვილის სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის საკითხი დადგეს

ალეკო ელისაშვილი არის მატუარა, ყველაფრის მკადრებელი პოლიტიკოსი, რომელიც ასრულებდა ამაზრზენ დავალებას ჩემი და კობახიძის წინააღმდეგ – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია ე.წ. კოკაინის საქმეზე პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
როგორც დეპუტატმა “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, მისთვის გამოძიების შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა.
„რაც გამოძიებამ დაადგინა, ამაში ჩემთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ალეკო ელისაშვილი არის მატუარა, ყველაფრის მკადრებელი პოლიტიკოსი, რომელიც ასრულებდა ამაზრზენ დავალებას ჩემი და კობახიძის წინააღმდეგ. 1600-მდე სმს შეტყობინება გაიშიფრა და არც ჩემი და არც მანანა კობახიძის შეტყობინება მათ შორის არ ყოფილა“, – განაცხადა ბესელიამ „კვირასთან“ საუბრისას.
ამასთან, ეკა ბესალია მიიჩნევს, რომ ცრუ ჩვენების მიცემისთვის ალეკო ელისაშვილმა პასუხი უნდა აგოს.
„ეს ადამიანი მიზანმიმართულად ტყუოდა, ამიტომ როდესაც გამოძიება ადგენს, რომ ელისაშვილი ტყუოდა, მან ახლა პასუხი უნდა აგოს ცრუ ჩვენებისთვის და მე მოვითხოვ, რომ მისი სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის საკითხი დადგეს“, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კოკაინის საქმის გამოძიების შედეგებზე ინფორმაცია გაავრცელა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულებსა და კობახიძე-ბესელიას შორის შესაძლო კორუფციული ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა. პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები