თბილისში „სიცილის ფესტივალი“ გაიმართება
15 მაისს, მსოფლიო სიცილის დღეს, თბილისში „სიცილის ფესტივალი“ გაიმართება,- ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა, ნინო შავდიამ და რუსუდან ოსიყმაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადეს.
ფესტივალის ნებართვის თხოვნით ორგანიზატორები თბილისის მერიას უახლოეს ხანში მიმართავენ. როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ეს იქნება ფერადი კარნავალი, რომელზეც წარმოდგენილი პროდუქცია ვალუტის ნაცვლად სიცილზე გაიყიდება.
„სიცილის ფესტივალი 72 ქვეყანაში ტარდება. სიცილი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. სტრესის ჰორმონის 90%-ს სიცილი გამოათავისუფლებს. თითოეული ადამიანისთვის ეს იქნება დადებითი ენერგიის შხაპი. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სათამაშოები, ბუშტები, სხვადასხვა პროდუქცია, რომელიც ფულის ნაცვლად სიცილზე გაიყიდება“, – განაცხადა სიცილის თერაპიის ლიდერმა საქართველოში ნინო შავდიამ.
მანამ, სანამ სიცილის ფესტივალი გაიმართება, ერთ-ერთი ორგანიზატორის, რუსუდან ოსიყმაშვილის თქმით, შესაძლოა, იყოს სიცილის გაცვლა.
„ადამიანი იღებს თავისი სიცილის ვიდეოს და იწვევს მეგობარს. აქ შეიძლება ერთმანეთი გამოიწვიონ როგორც პიროვნებებმა, ასევე დაწესებულებებმა, მაგალითად, სკოლებმა – სკოლები, ბანკებმა – ბანკები, უნივერსიტეტებმა – უნივერსიტეტები და, სანამ მოვა 15 მაისი, ეს პროცესები უკვე უნდა დაიწყოს, რომ პოზიტიური ფონი და განწყობა იყოს. მანამდე კი სპონსორებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და სხვა საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებთ“, – განაცხადა რუსუდან ოსიყმაშვილმა.
მისივე განცხადებით, ფესტივალი კოსტიუმირებული იქნება და ადამიანები საკარნავალო ფორმაში იქნებიან. ფესტივალის ფარგლებში გაიხსნება სიცილის კაფეები და გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები.