დიმიტრი ქუმსიშვილი ლარზე – ვუბრუნდებით იმ ეკვილიბრიუმს, რომელიც უნდა გვქონდეს

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კერძო სექტორს დანაზოგი დოლარში ჰქონდა და ახლა უწევთ მათი ლარში გადახურდავება. მისივე განმარტებით, მოლოდინებს ჩვენს რეალობაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ხოლო რაც შეეხება ეკონომიკას,მოლოდინებზე აქ ბევრი რამ არის დამოკიდებული.
“ჩვენ დოლარიზაციის კოეფიციენტი ძალიან აწეული გვქონდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, კომპანიებმა ის დანაზოგები, რომლებიც მათ გააჩნდათ თავიანთ ანგარიშებზე ლარში, წინა წლის აგვისტოდან მოყოლებული, მათი გადახურდავება დაიწყეს უცხოურ ვალუტაში, დოლარში. ჩვენ ვუყურებდით ტრენდს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული დანაზოგები უცხოურ ვალუტაში იზრდებოდა. მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ გარდა იმ მაკროეკონომიკური პარამეტრებისა, რომელსაც რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი ჰქვია და რომლის მიხედვითაც ჩვენი ვალუტა იყო 5-დან 7 პროცენტზე მეტად გაუფასურებული, ვიდრე შედარებითი ანალიზი აჩვენებდა, აქვე იყო ეს მოლოდინებიც, რომ კომპანიებმა და მოქალაქეებმა დოლარში დანაზოგები ზედმეტად გადაახურდავეს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეკითხვაზე,თუ რა ნიშნულამდე შეიძლება გამყარდეს ლარი, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ამის განსაზღვრა რთულია. “რეგიონში ვალუტა მყარდება, შესაბამისად, ყველაფერი ავტომატურად აისახება”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები