ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე: ჩემს ქმარს არანაირი კავშირი არ ჰქონია ამ კადრებთან
ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლემ, თეა ჯამალაშვილმა ინგა ჩატოიანთან სასამართლოში დაპირისპირების მიზეზები განმარტა.
როგორც ჯამალაშვილი აცხადებს, მას ჩატოიანისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, თუმცა ამის მცდელობა ნამდვილად ჰქონდა. მისი თქმით, ზურაბ ჯამალაშვილი უდანაშაულოა.
“ცრუ ჩვენებებია მიცემული. ჩემს მეუღლეს არანაირი კავშირი არ ჰქონია ამ კადრებთან. მის მიმართ სანქცია არის 13-წლამდე, გადაიყვანეს ციხეზე, ხოლო ინგა ჩატოიანი დადის გარეთ. სწორედ ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება. ინგა ჩატოიანისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, თუმცა ამის მცდელობა ნამდვილად მქონდა. მინდოდა გამომეჩინა მისი სახე, რათა დაენახა მთელ საქართველოს, რა ზეწოლის ქვეშ იყო”, – განაცხადა თეა ჯამალაშვილმა.
შეგახსენებთ, ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულების, ნიკოლოზ ხაჭაპურიძისა და ინგა ჩატოიანის პროცესის დაწყებამდე თბილისის საქალაქო სასამართლოში ინციდენტი მოხდა. ბრალდებულ ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე და ინგა ჩატოიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერ დაპირისპირებას თან მცირე ფიზიკური შეხლა-შემოხლაც ახლდა.