თიბილოვი რუსეთში შესასვლელად ხელსაყრელ მომენტს ელოდება
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთში შესასვლელად ე.წ. სამხრეთ ოსეთი „ხელსაყრელ მომენტს“ ელოდება. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება.
„რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყირიმში რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება იქნებოდა შესაძლებელი. მაგრამ როდესაც, როგორც იტყვიან, ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება მოხდა ყირიმის და რუსეთის მოსახლეობისთვის, ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო“, – განაცხადა თიბილოვმა.
ლეონიდ თიბილოვის თქმით, რუსეთს არაერთხელ განუცხადებია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ხასიათი „გაანალიზებული, შესწავლილი და განხილული უნდა იყოს“. მან ასევე დაამატა, რომ მოსკოვი საქმის კურსშია, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.