დავით ნარმანია: ირლანდიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია
2016 წლის 17 მარტს, თბილისისა და დუბლინის დამეგობრების 2 წელი და საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წელი აღინიშნება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე, “Tbilisi Event Hall”-ში, 20:00 საათზე, ცნობილი ირლანდიური და ქართული ჯგუფების – “Jack Lukeman”-ის და “ნიუტონის” ერთობლივი კონცერტი გაიმართა. ირლანდიური ჯგუფი საქართველოს პირველად ეწვია და ქართველ მსმენელს ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებები შესთავაზა, გააცნო ირლანდიური კულტურა.
საიუბილეო ღონისძიებას თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ესწრებოდა. კონცერტის დაწყებამდე თბილისის მერმა და მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ორ ქვეყანას, ორ ქალაქს შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
„ირლანდიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში, წელიწადნახევრის წინ, მოვაწერეთ შეთანხმებას ხელი თბილისსა და დუბლინს შორის, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მიმართულებით ვთანამშრომლობთ, მათ შორის ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში. დღევანდელი ღონისძიება მიზნად ისახავს იმას, რომ სიმბოლურად პატივი ვცეთ ამ თანამშრომლობას, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა, გასულ წელსაც გვქონდა შესაბამისი ღონისძიება და ინტერესი იყო, ნამდვილად, ძალიან დიდი. მეორეს მხრივ, ეს ემთხვევა ჩვენ შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-20 წლისთავს და შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ამიტომაც საგარეო საქმეთა სამინისტროც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში. ჩვენს შორის ურთიერთობები ფართოვდება და ღრმავდება, როცა ჩემი ვიზიტი დასრულდა ირლანდიაში, შემდეგ ჩვენ ტრანსპორტის სპეციალისტები მოვიწვიეთ იქიდან, რომლებიც დაგვეხმარნენ თბილისის სატრანსპორტო სისტემის სტრატეგიის მომზადების პროცესში და შესაბამისად, ამ სისტემის გამართვასთან დაკავშირებით, მოგვცეს საინტერესო რეკომენდაციები, ასე რომ, ბევრი სხვადასხვა თვალსაზრისით ვთანამშრომლობთ და გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას. დღევანდელი ღონისძიებაც კულტურის სფეროში თანამშრომლობის ერთი ძალიან საინტერესო და წარმატებული მაგალითია”, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
ორი ქვეყნის მეგობრობის საიუბილეო საღამოსთან დაკავშირებით, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე, თბილისი კვლავ ჩაერთო მსოფლიო კამპანიაში “Global Greening”, რომლის ფარგლებშიც, თბილისის ანძა მწვანედ განათდა.
„დღეს, ძალიან ბევრ ქალაქში, სიმბოლურად, მწვანედ ნათდება სხვადასხვა ადგილები. თბილისის ახალი ანძა, ახალი განათების პირობებში, ამის საშუალებას გვაძლევს და შესაბამისად, გავანათეთ მწვანედ, რათა პატივი ვცეთ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორის ეროვნულ დღესასწაულს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ყოველი წლის 17 მარტს მსოფლიოს დედაქალაქებში ღირშესანიშნაობები მწვანედ ნათდება. საქართველო აღნიშნულ აქციაში პირველად გასულ წელს ჩაერთო, რის შემდეგაც, თბილისი ირლანდიის ტურიზმის სააგენტომ შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელშიც მოგზაურობის რეკომენდაციას აძლევს ირლანდიელ ტურისტებს.საქართველოსა და ირლანდიას შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობა საგრძნობლად გააქტიურდა, რასაც ხელს უწყობს დუბლინში საქართველოს საელჩოს გახსნა. გახშირდა ორმხრივი ვიზიტები და მნიშვნელოვანია, რომ 2014 წელს თბილისის მერის, დავით ნარმანიას დუბლინში ვიზიტისას, ხელი მოეწერა მემორანდუმს ორ ქალაქს შორის ურთიერთგაგების შესახებ.
საიუბილეო ღონისძიება ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
კონცერტზე მოწვეულნი იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.