“მათ იკადრეს თვალთვალი, ჩაწერა და ქალების დაშანტაჟება, მაგრამ გავრცელების კადრება ვერ მოასწრეს”

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ფარული ჩანაწერების საკითხთან დაკავშირებით, სამართალდამცავები კომპლექსურ ღონისძიებებს ატარებენ და გარკვეული პროგრესი უკვე სახეზეა. აღნიშნული განცხადება თეა წულუკიანმა გადაცემა 2030-ში გააკეთა.
“მოქმედებენ თუ არა ცალკეული პიროვნებები ინდივიდუალურად, ამას საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, გამოძიება დაადგენს. ჩანაწერების გავრცელების ნაწილში საქმე კიბერდანაშაულთან გვაქვს. ეს არ არის ერთი ქაღალდი ან ერთი მყარი დისკი, რომელიც სადღაც დევს, შეგიძლია, მიაგნო და გაანადგურო. საქმე გვაქვს ელექტრონულ მატარებელზე შენახულ ინფორმაციასთან, რომლის ასლის გაკეთებაც ძალიან მარტივია“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ამასთან, მინისტრმა გიგა ბოკერიას უპასუხა და აღნიშნა, რომ ბოკერიას გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტების თუ არასამთავრობოთა წარმომადგენლების წინააღმდეგ დევნის და თვალთვალის სპეცოპერაცია დაიგეგმა და განხორციელდა.
„მათ იკადრეს თვალთვალი, ჩაწერა და ქალების დაშანტაჟება, მაგრამ გავრცელების კადრება ვერ მოასწრეს, რადგან ამასობაში ციხის კადრები გავრცელდა და დამატებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება რომ ეკადრებინათ, ბერკეტების შენარჩუნების უკანასკნელ იმედსაც კარგავდნენ. ამიტომ, საკუთარი თავი დაინდეს“,- განაცხადა 2030-ში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები