„სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა თელავში შეხვედრა გამართა
თელავის საკრებულოს შენობაში „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებს და საკრებულოს წევრებს შეხვდა. „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, ფონდის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშისა და ფონდის პრეზენტაციის წარდგენა.
შეხვედრას ასევე დაესწრო კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი. მათივე ცნობით, აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის მხრიდან კიდევ უფრო მეტი გააქტიურება, თანხების მობილიზების მიზნით, ფონდს მისცემს საშუალებას, განაგრძოს 22 წლამდე ასაკის სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარება, გარდა ამისა, მოახდინოს პროგრამების სამომავლო გაფართოება.
“საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ 2014 წელს შეიქმნა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით როგორც საზოგადოების, კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი მონაწილეობით, ფილანტროფიისა და ინოვაციური დაფინანსების ერთიანი პლატფორმა.
პირველ ეტაპზე „სოლიდარობის ფონდი“ სიმსივნით დაავადებულ 22 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებს უწევს დახმარებას, თუმცა ფონდის მანდატი ბევრად უფრო ვრცელია და საზოგადოების მზარდი ჩართულობით „სოლიდარობის ფონდი“ შეძლებს პროგრამების გაფართოებას როგორც ჯანმრთელობის, ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით,- აცხადებენ „საქართველოს სოლიდარობის ფონდში“.
2016 წლის 29 თებერვლის ჩათვლით „საქართველოს სოლიდარობის ფონდმა“ 55 000-ზე მეტი მხარდამჭერისა და 24 კერძო კომპანიის დახმარებით, საერთო ჯამში, 5 963 960 ლარის მობილიზება მოახდინა. „სოლიდარობის ფონდის“ ინფორმაციით, უკვე მობილიზებული და პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით ფონდმა სიმსივნით დაავადებული 22 წლამდე ასაკის 220 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება დაამტკიცა 1 147 100 ლარის, 2 193 949 აშშ დოლარისა და 911 289 ევროს მოცულობით. აქედან 107 პაციენტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში დაფინანსდა, ხოლო 113 შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში.