მიხეილ გიორგაძე: საქართველოს აქვს რეალური შანსი, იქცეს რეგიონის კულტურულ ცენტრად

ტურიზმის ხელშეწყობა ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების შესახებ განაცხადა.
კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მსგავსი ღონისძიებები ტრადიციად იქცევა, რაც მნიშვნელოვნად წაახალისებს კერძო ბიზნესს და შექმნის სამუშაო ადგილებს.
“ტურიზმის ხელშეწყობა და წახალისება ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტია ქვეყნის პოპულარიზაციისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. კულტურა კი ტურიზმის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, აპრილიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით კულტურული ღონისძიებების სერია იგეგმება, რომელშიც მონაწილეობას ქართველ შემსრულებლებთან ერთად მსოფლიოს ვარსკვლავები მიიღებენ. ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება და ხელს შეუწყობს ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას. ჩვენ წლიდან წლამდე ამ პროგრამის გაფართოებას ვაპირებთ და მასში კერძო სექტორის უფრო აქტიურად ჩართვას ვგეგმავთ. ეს მოვლენა, რომელიც შემდგომ ტრადიციად იქცევა, მნიშვნელოვნად წაახალისებს კერძო ბიზნესს და შექმნის სამუშაო ადგილებს; რაც შეეხება ღონისძიების მონაწილეებს, მათი საერთაშორისო სტატუსი და ცნობადობა იძლევა გარანტიას, რომ კულტურულ რუკაზე ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოჩინდება და მსოფლიოს მედიის ყურადღებას მიიპყრობს. საქართველოს აქვს რეალური შანსი, იქცეს რეგიონის კულტურულ ცენტრად”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები