ვლადიკავკაზში ქართული ანსამბლების ჩასვლას ე.წ. სამხრეთ ოსეთში აპროტესტებენ
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ნეგატიურად შეხვდნენ მარტის ბოლოს დაგეგმილ კონცერტებს, რომლებსაც ვლადიკავკაზში ქართული ანსამბლები გამართავენ, – ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბლოგერების აღშფოთების საპასუხოდ ჩრდილოეთ ოსეთში ამბობენ, რომ „ხელოვნება პოლიტიკის მიღმა უნდა იყოს“.
„ოსრადიოს“ ჟურნალისტი ოლეგ კუდუხოვი აცხადებს, რომ კონცერტები ვლადიკავკაზში – პოლიტიკური თამაშის კულტურული ელემენტია, მისი თქმით, ეს გლობალური ზეგავლენის უმნშვნელოვანესი ინსტრუმენტი და კომერციული მოგების მიღების შესაძლებლობაა.
ჩრდილოეთ ოსეთის კულტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ რესპუბლიკაში ქართული კოლექტივები არ მიუწვევიათ და ეს ღონისძიება წმინდა კომერციულ ხასიათს ატარებს.
როგორც სააგენტო „სპუტნიკს“ ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ქართული კოლექტივების კონცერტები რუსეთის ქალაქებში დაგეგმილი ტურის ფარგლებში გაიმართება და ის ვლადიკავკაზიდან იწყება.