„ვიდრე არ მოხდება დეოკუპაცია, გამორიცხულია “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი გაუქმდეს“

ვიდრე არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა და არ მოხდება დეოკუპაცია, გამორიცხულია “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი გაუქმდეს. – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
“რაც ეს კანონი დაიწერა, რუსეთი ითხოვს მის გაუქმებას. ჩვენც რომ მოვედით ხელისუფლებაში, ერთ-ერთი პირველი მესიჯი რუსეთიდან იყო, რომ კარგი იქნება, თუ კანონი გაუქმდება, იმ იმედით, რომ შეიძლებოდა ახლა მაინც გადაგვეხედა პოზიციისთვის. ვიდრე არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა და არ მოხდება დეოკუპაცია, გამორიცხულია “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი გაუქმდეს. სხვა საკითხია კანონში ამა თუ იმ ცვლილებების შეტანა. ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს ამ კანონის მიღება ვერ მოასწრეს, ის 8-ჯერ შეცვალეს. ამაში ტრაგედია არაფერი არ არის. ჩვენ ჯერ არ შეგვიცვლია კანონი. ჩემი სამინისტროდანაც იყო ინიცირება, რომელიც მეორე მოსმენაზე გაჩერდა მიზეზთა გამო. მე მიმაჩნია, ის ცვლილებები რომ განხორციელებულიყო და იმედია, ახლა მაინც განხორციელდება, მაშინ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებაზე თბილისში საკითხი არ დაისმებოდა. ამიტომ ყველაზე კარგი გზა ახლა არის, პარლამენტმა მიიღოს ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის აზრით, კარგი იქნება, თუ საქართველო “ოკუპაციის შესახებ კანონს” საერთოდ გააუქმებს. ამის შესახებ კარასინმა ქართველ ჟურნალისტებს პრაღაში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები