ვის ინტერესებს ემსახურება ტექნიკური უნივერსიტეტის ერთი პროფესორის დაანონსებული პრესკონფერენცია

ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის დარეჯან მეფარიშვილის განცხადებით, ტექნიკურ უნივერსიტეტში თსუ-ს ამბების გაგრძელებას გეგმავენ. მისი თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთ-ერთ თანამშრომელს დაგეგმილი აქვს, ჩაატაროს პრესკონფერენცია, თუმცა ამაზე უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურებისთვის არ უცნობებია, რაც უნივერსიტეტის შენობაში შეჭრა და სასწავლო პროცესისთვის ხელის შეშლაა.
“თქვენ მიერ გავრცელებული ანონსით, ირკვევა, რომ თურმე ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსში პრესკონფერენცია ტარდება. ზოგადად, მსგავს ღონისძიებებს გეგმავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. ღონისძიება ჩვენ არ დაგვიგეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ანონსში მითითებული „გოდერძი“ თვითნებურად აპირებს შენობაში შეჭრას და იქ პრესკონფერენციის ჩატარებას. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ მსგავს არეულობას, რაც, როგორც ჩანს, ძალიან უნდა ბატონ გოდერძის, არ დავუშვებთ! ბატონ გოდერძის და მის ჯგუფს შეუძლია, ნებისმიერი საინფორმაციო სააგენტოს საპრესკონფერენციო დარბაზი დაიქირაოს და ჩაატაროს პრესკონფერენცია! არ ვიცი, ვინ არის „გოდერძი“, მაგრამ თუ ეს ბატონი არის ის პროფესორი, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობდა, სამწუხაროა, რომ პრესსპიკერის მოვალეობები აუღია საკუთარ თავზე”, – განუცხადა მეფარიშვილმა “პირWელს”.
მისი თქმით, ადამიანმა, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორობაზე ჰქონდა პრეტენცია და აპირებს „უსამართლობას“ ებრძოლოს, უნდა იცოდეს, რომ მსგავსი საკითხები კომპეტენტურმა პირმა უნდა მოუგვაროს.
“ახლა, რაც შეეხება ბატონი გოდერძის დაანონსებული პრესკონფერენციის თემას. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არაერთხელ გასცა ამ აბსურდულ ე.წ. ბრალდებას პასუხი, თუმცა, როგორც ჩანს, ე.წ. მოწინააღმდეგე მხარემ ეს ვერა და ვერ გაიგო, ამიტომ, გავიმეორებ: 2011 წლიდან, საქართველოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ჩნდება ახალი ცნება – „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულება“. ამავე წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, რეგისტრირდება როგორც „აიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ და მის დამფუძნებლად მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება სახელმწიფო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახით (ამასთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი პირდაპირ მიუთითებს სამი ტიპის დაწესებულებათა ხელმძღვანელის (რექტორის) პირველ არჩევნებზე). წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული იქნა შესაბამისი დადგენილებები (2011 წელს #411 და 2013 წელს #190), სწორედ ამ საკანონმდებლო ცვლილებებსა და საქართველოს მთავრობის დადგენილებათა შესაბამისად, დამტკიცდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2012 და 2013 წლის წესდებები”, – აცხადებს მეფარიშვილი.
ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, შესაბამისად, 2012 წელს „აიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“, როგორც ახლად რეგისტრირებულ, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჩატარდა რექტორის პირველი არჩევნები, ხოლო 2013 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, „აიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტრეტი“ გარდაიქმნა „სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტად“. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით კი, 2016 წელს ჩატარებული სტუ-ს რექტორის არჩევნები მიიჩნევა მეორე არჩევნებად.
“კარგი იქნება პროფესორთა მცირე ნაწილი, ვინც აპელირებს ამ თემაზე, კანონს გადახედავდეს, სხვა დროს უხერხულ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდნენ. აქვე დავძენთ, რომ რექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ბატონმა ტყეშელაშვილმა, საჩივრით მიმართა საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს. სამინისტრომ, თავის მხრივ, შეისწავლა განცხადებაში მოყვანილი ფაქტები და ტყეშელაშვილის ყველა პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნია. ტყეშელაშვილმა მიმართა ასევე სასამართლოს. ვიდრე მართლმსაჯულება თავის საბოლოო ვერდიქტს არ გამოაქვეყნებს, საქმეში წარმოდგენილი მეორე მხრისაგან, „ხმაური“, რომელსაც დღეს აპირებს „მხარე“, არის სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა.
და ბოლოს, გუშინ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩატარდა ფაკულტეტის სხდომა, სადაც პროფესორებმა მოისმინეს პროფესორ ნოდარ უღრელიძის პრეტენზიები იგივე თემაზე, რაზეც დღეს სურთ პრესკონფერენციის გამართვა. ბატონმა უღრელიძემ განაცხადა, რომ მას იურისტმა (არ დაუკონკრეტებია) უთხრა, უნივერსიტეტში არჩევნები რომ გაყალბდა და თსუ-ს წინ, ტელევიზიებთან იურისტის პოზიცია გაახმოვანა. მან ბოდიში მოიხადა გაურკვევლობისათვის (სხდომის ვიდეოჩანაწერი ინახება დეპარტამენტში) და დაეთანხმა ფაკულტეტს, ეთიკის კომისიას, განეხილა საკითხი. ამდენად, ცოტა უცნაურია „მხარის“ სურვილი დღეს, ყოველგვარი ნებართვის გარეშე ჩაატაროს პრესკონფერენცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ეს არის შენობაში შეჭრა, სასწავლო პროცესისათვის ხელის შეშლა, რაც დანაშაულია და რასაც არ დავუშვებთ”, – განაცხადა მეფარიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელებული ანონსის თანახმად, ტექნიკური უნივერსიტეტის მერვე კორპუსში ჩატარდება პრესკონფერენცია თემებზე: არასამართლიანად ჩატარებული რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევნები, სასწავლო და სამეცნიერო პროცესში არსებული პრობლემები. მისამართად მითითებულია ტექნიკური უნივერსიტეტის მერვე კორპუსის, პირველი სართული, ხოლო საკოტაქტო პირად ვინმე – გოდერძი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები