თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის (კმ138–კმ152) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქვეყნებს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმები: გუდაური (ფოსტა) –კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით; მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად; ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს: რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის, ყინვის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა– ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე ნარდევანი–როდიონოვკა (ფარავანი) (კმ94–კმ110) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ55 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები