„ჩვენთვის თითოეული სტუდენტის, თვითმმართველობაში გაწევრიანებული ახალგაზრდის აზრი არის მნიშვნელოვანი“
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებს მოუწოდებს, უნივერსიტეტების თვითმმართველობების რეფორმის პროცესში ჩაერთონ. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თითოეული სტუდენტის, თვითმმართველობაში გაწევრიანებული ახალგაზრდის აზრი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია.
“ძალიან სამწუხაროა, რომ თვითმმართველობაზე შეიქმნა ნეგატიური აზრი, ზოგადად, წარსულის პრეცედენტების გამო, როდესაც გარკვეულწილად თვითმმართველობის და სტუდენტების აბსოლუტურად გულწრფელ პროტესტს პოლიტიკოსები საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებდნენ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ხედვას და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის თითოეული სტუდენტის, თვითმმართველობაში გაწევრიანებული ახალგაზრდის აზრი არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, თვითმმართველობაც საჭიროებს რეფორმას. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, რომ ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესში, რეფორმის პროცესში და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ისეთ მოდელს, რომელიც იქნება პროგრესული, სადაც აღარ იქნება იმის მიზეზი, რომ სტუდენტები ქუჩაში გამოდიოდნენ და სასწავლო პროცესი იშლებოდეს”, – განაცხადა პრემიერმა.