თამარ სანიკიძე: რექტორის ყოფნა-არყოფნის გადაწყვეტას ჩემი ჩართულობით არ ვაპირებთ
რექტორის ყოფნა-არყოფნის გადაწყვეტას ჩემი ჩართულობით არ ვაპირებთ – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ აკადემიური საბჭოს წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
თამარ სანიკიძემ აკადემიური საბჭოს წევრების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საბჭო სტუდენტებს უნივერსიტეტის პრობლემების გადასაჭრელად გონივრულ ვადას სთხოვს, დადებითად შეაფასა.
„რექტორის ყოფნა-არყოფნის გადაწყვეტას ჩემი ჩართულობით არ ვაპირებთ. არანაირად არ ვცდილობ ამ საქმეებში ჩავერიო. პირიქით, საჭიროა ისეთი სამუშაო გარემო შეიქმნას, რომ ყველა პრობლემაზე მოხდეს საუბარი, რომელიც უნივერსიტეტში მიმდინარეობს. ძალიან მნიშნელოვანია რექტორის საკითხის განხილვა. აქედან გამომდინარე, კონკრეტული შემოთავაზება აქვს აკადემიურ საბჭოს სტუდენტებთან. ისინი მოითხოვენ გონივრულ ვადას იმისთვის, რომ იმსჯელონ რექტორის საკითხზე, მიიღონ გადაწყვეტილება და შემდეგ აცნობონ სტუდენტებს. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი, ნორმალური განცხადებაა, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს აბარია უნივერსიტეტის ბედი, ესენი არიან ადამიანები, ვინც რექტორი აირჩა და ეს ადამიანები არიან, ვისაც ლეგიტიმურად შეუძლიათ ამ პროცესის განხორციელება“,- განაცხადა სანიკიძემ.