აკადემიურმა საბჭომ რექტორის საკითხზე მსჯელობისათვის “გონივრული ვადა” ითხოვა
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის საკითხზე მსჯელობისათვის გონივრული ვადა ითხოვა.
როგორც აკადემიური საბჭოს წევრმა ნუგზარ სურგულაძემ თამარ სანიკიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სიტუაცია უმართავია.
“აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა. ვაპირებთ მივიდეთ სტუდენტებთან და ვთხოვოთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც დასმულია სტუდენტების ორივე მხარის მიერ, ყველა პრობლემას განვიხილავთ, ოღონდ საჭიროა გარკვეული დრო, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. მათ შორის, დღეს ერთ-ერთი მთავარი იყო რექტორის გადადგომის მოთხოვნა. მართლაც არის გარკვეული პრობლემები, რომელიც შესასწავლი და გასარკვევია, ბევრი საყვედურია, რაღაც შეცდომებზეა ლაპარაკი რექტორის მხრიდან, საბჭოს წევრებს შორისაც არის განსხვავებული აზრი, მაგრამ ამისთვის საჭიროა გარკვეული დრო”, – განაცხადა ნუგზარ სურგულაძემ.
დღესვე აკადემიური საბჭოს წევრები თსუ-ში რექტორ ვლადიმერ პაპავასთან შეხვედრას გეგმავენ.