თეა წულუკიანი: ნიკა გვარამია თავად იყო ფარული ვიდეოების ოპერატორ-რეჟისორი
„თვითონ გვარამია იყო ერთ-ერთი ოპერატორ-რეჟისორი, როდესაც ამტკიცებდა, რომ გამსახურდია თურმე არის რუსეთის აგენტი“, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებას, სადაც ნიკა გვარამია მის მიმართ შანტაჟის შესახებ საუბრობდა.
თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას წარსული და ის პერიოდი გაიხსენა, სადაც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ცოტნე გამსახურდიას რუსეთის აგენტობაში ბრალი დასდო და ფარული ვიდეოკადრები გაავრცელა.
„რაც შეეხება ნიკა გვარამიას განცხადებას, თვალთვალის შესახებ, კანონით მე არ ვარ ჩახედული მაგ საქმეში და არც უნდა ვიყო ჩახედული. ასეა კანონით გათვალისწინებული, მაგრამ ალბათ შესაბამისი ორგანოები ამის შესახებ პასუხს გასცემენ. თვითონ გვარამიას წარსული კი კარგად გვახსენდება, რომ ის იყო ერთ-ერთი ოპერატორ-რეჟისორი, როდესაც ამტკიცებდა, რომ გამსახურდიების გვარი თურმე არის რუსეთის აგენტი და დგამდა ვიდეოებს, რომ თურმე ვინც ოპოზიციონერია, ყველა არის ხალხის მტერი და შემდეგ გამოდიოდა ტელევიზიით. მე არ მავიწყდება, სტრასბურგიდან ვუმზერდი მას, როგორც ამ ყველაფრის დაამაანონსებელს და მის მიერვე დადგმულ შავ-თეთრ კადრებს და გავრცელებას. ამიტომ მის სიტყვას, როგორც ერთი მოქალაქის აქვს ფასი, მაგრამ რომ გითხრათ, ძალიან დიდი ფასი აქვს-მეთქი, მოგატყუებთ, მიუხედავად ამისა, ის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა და, რა თქმა უნდა, ყველა ფაქტი სერიოზულად უნდა იყოს შესწავლილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, თუ იგი არ ჩამოშორდებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ს, მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებოდნენ.