საქართველო ნატოს სამხედრო პარტნიორობის კოორდინაციის ყოველწლიურ შეხვედრას მასპინძლობს
საქართველო ნატოს სამხედრო პარტნიორობის კოორდინაციის ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დღეს სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში” ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სასწავლო და საგანმანათლებლო ცენტრების გამოფენა გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ გამოფენაში საქართველოდან საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მონაწილეობს. სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორის, უფროს სერჟანტ ალექსანდრე კერესელიძის განცხადებით, გამოფენიდან პოზიტიურ შედეგებს ელოდებიან. ღონისძიებაზე გერმანიაში, ობერამერგაუში მდებარე ნატოს სკოლაც არის წარმოდგენილი.
“ჩვენ ყოველწლიურად 10 000 სტუდენტი გვყავს და მათი დაახლოებით 12% პარტნიორი ქვეყნებიდანაა. ისინი ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. გვინდა ვაჩვენოთ პარტნიორ ქვეყნებს, თუ რისი შეთავაზება შეგვიძლია და ასევე გავარკვიოთ, თუ რა კურსებზე შეიძლება იყოს მოთხოვნა მომავალ წელს. ჩვენი მიზანია, პარტნიორ ქვეყნებს და ასევე აქ მყოფ ნატოელ კოლეგებს ჩვენი სკოლის სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები და შესაძლებლობა მაქვს ჩვენს მომხმარებლებს სწავლისთვის კარგი შესაძლებლობები შევთავაზო”, – განაცხადა ნატოს სკოლის წარმომადგენელმა ბოიდ ფორბსმა.