სტეფანწმინდას განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სტეფანწმინდის მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
სტეფანწმინდის მუნიციპალური ნაგავსაყრელი 2000 წლიდან ფუნქციონირებს და სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტს და მის მიმდებარე სოფლებს ემსახურება.
სტეფანწმინდის მუნიციპალური ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ 2013 წლის სექტემბერში გადაეცა. იმ დროისთვის ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, პოლიგონი ვერ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს, ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას. შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელის რებილიტაცია განახორციელა.
პროექტის ფარგლებში შემოიღობა ტერიტორია, მოეწყო პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით. ნაგავსაყრელი აღიჭურვა სპეცტექნიკით და მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული. ასევე, მდინარე თერგის მხრიდან მოეწყო ნაპირდამცავი ბერმა, რათა ადიდების შემთხვევაში, ნარჩენების მდინარეში მოხვედრის საფრთხე გამოირიცხოს. ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაფინანსდა და 483 ათასი ლარი დაჯდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები