ოთარ დანელია პანკისის ხეობის მოსახლეობას შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სოფელ დუისში პანკისის ხეობაში მცხოვრებ ფერმერებს, ქალთა სათემო ორგანიზაციის წევრებს და ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის ხელშეწყობისთვის ახორციელებს. ოთარ დანელიამ პანკისის ხეობის მოსახლეობას სამინისტროს საქმიანობის ანგარიშიც წარუდგინა და განხორციელებული პროექტების შედეგები გააცნო.
პანკისის ხეობის მოსახლეობამ განსაკუთრებული ინტერესი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნასთან დაკავშირებით გამოხატა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 22 მარტს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პანკისის ხეობის მოსახლეობას შეხვდება და კოოპერაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს დეტალურად განიხილავს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსახლეობის დასმულ შეკითხვებს ოთარ დანელიამ ამომწურავი პასუხები გასცა. ადილობრივმა მოსახლეობამ მინისტრს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხეობის მოსახლეობათან შესახვედრად და მიმდინარე პროექტებზე სასაუბროდ თავად მინისტრი ჩადის.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პანკისის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრა პანკისის სათემო რადიოს WAY–ის ორგანიზებით გაიმართა. უახლოეს დღეებში, პანკისის სათემო რადიო მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვას მთავრობის სხვა წევრებთან გეგმავს.