ბათუმში საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი „IUHB” გაიხსნა
ბათუმში საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი „IUHB” გაიხსნა. როგორც „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, 103 პაციენტზე გათვლილ ჰოსპიტალში 400 ადამიანია დასაქმებული. სამედიცინო პერსონალი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტდა.
“ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს საშუალება გავხსნათ ჰოსპიტალი, რომელიც არის კიდევ ერთი მაგალითი საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორობის, ძმობის და მეგობრობისა. ეს იქნება საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, სადაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებ სტუდენტებსაც ექნებათ საშუალება მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება. ჩემს ახალგაზრდობაში მქონდა ბედნიერება მესწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, ჩემი პირველი სპეციალობით ექიმი გახლავართ და დღეს ნამდვილად კეთილი შურით მშურს იმ ადამიანების, ვისაც ექნება საშუალება ასეთ სამედიცინო სასწავლებელში ისწავლოს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
გიორგი კვირიკაშვილმა, ჰოსპიტალში მუშაობისთვის, მადლობა გადაუხადა თურქეთის მოქალაქეს ექიმ კარდიოლოგ იმედ მიქელაძეს. ჰოსპიტალი „IUHB” უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, რაც მოსახლეობას ზუსტი დიაგნოსტიკის ჩატარების და მაღალი ხარისხის ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის საშუალებას მისცემს. სამომავლოდ, საავადმყოფოს კიდევ ერთი- ონკოლოგიური მიმართულებაც დაემატება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჰოსპიტალის მშენებლობისთვის 25 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელა. IUHB ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც პაციენტის უფლებების დამცველის ინსტიტუტი ამოქმედდა. საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გახსნაზე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, რამდენიმე დღის წინ, თურქეთში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას.