ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი
ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაზე დაესწრნენ.
“საყოველთაო ჯანდაცვა ჩვენთვის არის პრიორიტეტი, ის რომ ჯანდაცვა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ამავე დროს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ობიექტის გახსნით,”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ბათუმის მრავალპროფილური რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. ახალი საავადმყოფო თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს.
ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებობის ისტორიაში სამედიცინო დაწესებულება მოსახლეობას მეანობასა და ბავშვთა სამედიცონომოსამხურებას პირველად შესთავაზებს.
ახალი სახელმწიფო საავადმყოფო ყველა მიმართულების გადაუდებელი მდგომარეობის მომსახურებას უზრუნველყოფს. მოსახლეობა შეძლებს ეფექტური და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების მიღებას.
სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარით დაფინანსდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფუძის მოწყობის სამუშაოები. მშენებლობაზე 30 ადამიანია დასაქმებული. ეს ციფრი სამომავლოდ 60-მდე გაიზრდება.
მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.