ეკა მიშველაძემ იმ პირის ვინაობა დაასახელა, რომელმაც მეუღლესთან ვაიბერმიმოწერა გადასცა

მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტ ეკა მიშველაძის დაკითხვა დასრულდა. როგორც მიშველაძემ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მან გამომძიებლებს იმ პირის ვინაობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელმაც მეუღლესთან, ალექსი პეტრიაშვილთან ვაიბერმიმოწერა გადასცა.
მიშველაძის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ არ დაწყებულა, მხოლოდ გასაუბრების ოქმი შედგა.
მიშველაძე ამბობს, რომ ახლა პროკურატურის პრეროგატივაა, დაიწყებს თუ არა გამოძიებას. ჟურნალისტის თქმით, იმ პირმა მტკიცებულებების სახით უთხრა, რომ მისი და ალექსი პეტრიაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და ფოტომასალებიც არსებობს, თუმცა, მისი განცხადებით, მას ეს არ უნახავს.
მიშველაძის თქმით, ფარული მიყურადება მასსა და ალექსი პეტრიაშვილზე 2014 და 2015 წლებში ხორციელდებოდა.
“მე მივაწოდე პროკურატურას ყველა ინფორმაცია, რაც მქონდა. დღეს მოხდა გასაუბრება. ერთი რამ მინდა ვთქვა, ამ ქვეყანაში უკანონო თვალთვალი და სასაფლაოებზე ადამიანების დახვრეტა უნდა დამთავრდეს. პირობას ვდებ, რომ ეს დასრულდება”, – განაცხადა მიშველაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.
ჟურნალისტის თქმით, ის პროკურატურასთან აქტიურად ითანამშრომლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები