„თსუ-ს თვითმმართველობაში რეფორმები უნდა გატარდეს, მას პრივილეგიები და ფინანსებზე წვდომა უნდა ჩამოერთვას“

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ზურაბიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. ზურაბიშვილისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვდნენ სტუდენტები პაპავას გადადგომას, თუმცა კანცლერის კანდიდატის, „ოდეერების“ მიმართ და თვითმმართველობის შესახებ მათი პროტესტი და მოთხოვნები, მისი შეფასებით, სრულიად სამართლიანია.
დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ თსუ-ს თვითმმართველობაში მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი.
„უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობა განმუხტვისკენ წავიდა. სტუდენტებს სამართლიანი მოთხოვნები ჰქონდათ. ეს ეხებოდა კანცლერის კანდიდატურას, რეფორმების მოთხოვნას უნივერსიტეტში თუ ძალოვანი სტრუქტურების და ე.წ. ოდეერების ჩარევას უნივერსიტეტის საქმიანობაში.
რამდენადაც ვიცი, ამ ყველაფერს მსვლელობა მიეცა. „ოდეერების“ მოუცილებელი ჭირი საბჭოთა კავშირიდან გადმოგვყვა და ვერცერთმა ხელისუფლებამ უარი ვერ თქვა ძალოვანი სტრუქტურების არადანიშნულებისამებრ გამოყენებაზე, როდესაც უშიშროება გამოიყენება არა იმისთვის, რისთვისაც ის მოწოდებულია, არამედ სამოქალაქო პროცესების კონტროლისთვის. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ჩვენმა ფრაქციამ ამის შესახებ კანონზე ბევრი იმუშავა და ამ მხრივ მდგომარეობა შეიცვალა. კანცლერის კანდიდატურასთან დაკავშირებით სტუდენტებს სამართლიანი მოთხოვნა ჰქონდათ, ეს იყო თვითმმართველობის კანდიდატურა, ადამიანი, რომელიც ადრეც შემჩნეული იყო განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტების დევნაში. თუ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ის უშუალოდ არ მონაწილეობდა, ყოველ შემთხვევაში, იმ გუნდის წევრი იყო, რომელიც ამას ახორციელებდა. რაც შეეხება პაპავას გადადგომის მოთხოვნას, აბსოლუტურად გაუგებარი იყო, რატომ და რის საფუძველზე ითხოვდნენ მის გადადგომას. ეს იმის სურვილით იყო განპირობებული, რომ თვითმმართველობის წევრებს უფრო მეტად ემართათ უნივერსიტეტი. საჭიროა უნივერსიტეტში თვითმმართველობის სერიოზული რეფორმა. თავის დროზე ბევრი უფლება მიეცა თვითმმართველობას. თვითმმართველობას უნდა ჩამოერთვას ფინანსებზე წვდომა და პრივილეგიები“,- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები