“პრემიერ-მინისტრის განცხადება შექმნილი ვითარების შესატყვისი იყო”

პრემიერ-მინისტრის განცხადება შექმნილი ვითარების შესატყვისი იყო – ამის შესახებ თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ ჟურნალისტებს განუცხადა. პაპავას თქმით, არ შეიძლება დაძაბული სიტუაცია უნივერსიტეტში დიდხანს გაგრძელდეს.
როგორც პაპავამ აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებამ გარკვეული მიმართულება მისცა, თუ როგორ ფორმატში უნდა წარიმართოს დიალოგი.
“განისაზღვრა ფორმატი და შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 3-3 სტუდენტი ორივე მხარიდან, ასევე აკადემიური საბჭოსა და სენატის წარმომადგენლები, თავად უნივერსიტეტის რექტორი და მისი მოადგილეები“,-აღნიშნა პაპავამ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. გიორგი კვირიკაშვილი მოუწოდებს ყველა მხარეს, მათ შორის ახალგაზრდებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება, რათა პროცესები გადავიდეს მშვიდ და ცივილიზებულ ფორმატში. მთავრობის მეთაურმა განათლების მინისტრს, თამარ სანიკიძეს დაავალა, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შეხვედრის ორგანიზება პარიტეტულ საწყისებზე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალთან და ხელმძღვანელ პირებთან, რათა შექმნილი პრობლემა უმოკლეს ვადებში გადაიჭრას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მალევე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას. სამინისტრომ მიმართა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, შეარჩიოს პარიტეტული პრინციპით ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელი, რათა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, 20:00-ზე გაიმართოს შეხვედრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები