საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება
სახალხო დამცველის აპარატი უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა გუშინ გვიან ღამით მიმდინარე მოვლენების დროს, დარღვევები აღმოაჩინეს.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 2016 წლის 14 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში და გვიან ღამით აკვირდებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე ორ აქციასა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროა, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტებს, ხოლო პოლიციამ და თსუ-ს დაცვის სამსახურმა ვერ მოახერხეს, ერთი მხრივ, ამ ფაქტების თავიდან არიდება და, მეორე მხრივ, მათზე ეფექტური რეაგირება. 14 მარტს უნივერსიტეტის I კორპუსის შენობაში დაფიქსირდა ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის 3 შემთხვევა. ჟურნალისტების განცხადებით, აღნიშნული ქმედებების ჩამდენი პირები თსუ-ს თვითმმართველობის მომხრე სტუდენტები იყვნენ. კერძოდ, „ლიბერალის” ჟურნალიტს სოფო გოგიშვილს თვითმმართველობის აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ყელში ხელი წაუჭირა და მისი ძირს დაგდება სცადა, წაართვა ტელეფონი და მოპოვებული ჟურნალისტური მასალა წაუშალა. ტელეფონი მას მოგვიანებით დაუბრუნეს. „ლიბერალის” მეორე ჟურნალისტს, მამუკა მგალობლიშვილს კამერა ძირს დააგდებინეს, რამაც იგი დააზიანა.
„ნეტგაზეთის” ჟურნალისტს, გიორგი დიასამიძეს წაართვეს ტელეფონი, რომლითაც განვითარებულ მოვლენებს იღებდა, დაცვის სამსახურის თანამშრომელი კი მას ტერიტორიის დატოვებისაკენ მოუწოდებდა. ჟურნალისტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის დაცვის სამსახურისა და პოლიციის წარმომადგენლები მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, მათ არ მიიღეს ეფექტური ზომები ძალადობის თავიდან ასაცილებლად და მათ აღსაკვეთად“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.