გიორგი მარგველაშვილი: სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო

„სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა კამპანიის – „ეს შენ გეხება“ წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ის შექმნილ ვითარებას ქვეყანაში არსებულ შემაშფოთებელ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კლიმატად აფასებს. მან, პირველ რიგში, მიმართა იმ პირებს, ვისაც ემუქრებიან შანტაჟით.
“მინდა მოგმართოთ, ჩემო თანამოქალაქეებო, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებისა და მსოფლმხედველობისა, მე მუდამ ვიქნები თქვენ გვერდით და მუდამ დაგიცავთ. მუდამ სოლიდარული ვიქნები იმ ადამიანების მიმართ, ვის ჩაგვრასაც ვინმე ცდილობს. ამის საბუთად შემიძლია დღეს ღიად საზოგადოებას ვუთხრა, რომ სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო. მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია ძალიან მდიდარი და მექნება მომავალში,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი ასევე ფარული ვიდეოკადრების გამავრცელებლებსაც მიმართავს.
“იმ შავბნელებს, ვინც აპირებთ, რომ აშანტაჟოთ ჩემი მოსახლეობა და ჩვენი საზოგადოება, თითოეულს გიპოვით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს. თქვენი ამ შავბნელი იდეებით არასდროს ცხოვრობდა ქართველი, რომელიც ყოველთვის იყო თავისუფალი,” – აღნიშნა მარგველაშვილმა.
დღესვე, საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა, რათა გახდეს თავისუფალი.
“იმისთვის, რომ ჩვენ არ გვეშინოდეს, არაფრის დიდებით არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა შანტაჟში. ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ამ ამაზრზენ პროცესს რამენაირად დააკვირდება, უნდა იცოდეს, რომ ის მორალური თანამონაწილე ხდება ამ ფარული თვალთვალის და მიყურადების,” – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
პრეზიდენტი ირწმუნება, რომ სახელმწიფო, ყველა თავისი რესურსით მობილიზებულია და კოორდინირებულად მუშაობს. მისი თქმით, ეფექტი იქნება და ვინც ცდილობს თავისუფალი საზოგადოების დაშანტაჟებას, სამაგალითოდ დაისჯება.
ამ წუთებში გიორგი მარგველაშვილი კამპანიას – „ეს შენ გეხება“ წევრებს ხვდება. შეხვედრის თემა ბოლო დროს პირადი ცხოვრების ვიდეოკადრების გავრცელებით შექმნილი მდგომარეობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები