დე ფაქტო ცხინვალი 10 მარტს განხორციელებული ტყვეების გაცვლის ფაქტს დადებითად აფასებს
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი 10 მარტს განხორციელებული ტყვეების გაცვლის ფაქტს ეხმაურება.
მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტის ე.წ. სრულუფლებიანი წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურად ჯიოევი ამბობს,რომ “მომხდარი ფაქტი მნიშვნელოვანი ფაქტორია სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს და აფხაზეთსა და საქართველოს შორის ნდობის აღსადგენად”.
სააგენტო “რესის” -თვის მიცემულ ინტერვიუში ჯიოევი ამბობს,რომ პატიმართა გათავისუფლება დეფაქტო რეჟიმის დიდ ძალისხმევას უკავშირდება.
ის მადლობას უხდის ყველას, ვინც მათი “მოქალაქეების“ გათავისუფლებაში მონაწილეობდა.
ამასთან, ჯიოევის ამბობს,რომ “ადამიანების გათავისუფლება წარმოადგენს სამხრეთ ოსური მხარის მნიშვნელოვან მიღწევას ჟენევის დისკუსიების პროცესში“.
შეგახსენებთ,რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქართულ მხარეს გადმოეცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 14 მოქალაქე. მათ სანაცვლოდ ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს 4 გათავისუფლებული პირი გადასაცა.
პატიმრების გათავისუფლება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებისა და შეთანხმების შედეგად მოხერხდა.