სოფელ ჯარიაშენში ოკუპანტები ტექნიკურ სამუშაოებს აწარმოებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში ოკუპანტების მიერ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მუშაობის ფაქტს გორის გამგებელი დავით ონიაშვილი ადასტურებს. თუმცა, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვს.
როგორც “კვირას” გამგებელმა განუცხადა, ოკუპანტები სავარაუდოდ, სოფელში არსებულ ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოძებს დგამენ.
“ადგილი, სადაც სამუშაოებს აწარმოებენ შემოსაზღვრული არ იყო და სავარაუდოდ ბოძები უნდა ჩასვან და შემოსაზღვრონ. მანდ არის სასაფლაო, ხეხილის ნარგავები არ არის. მესაკუთრეები ვეღარ შედიოდნენ მაგ ნაკვეთში არ უშვებდნენ, მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობას ადგილი არ აქვს და არც რაიმე დაძაბულობას ჰქონია ადგილი. რისი გაკეთება იგეგმება არ ვიცით, რადგან მათთან პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს. ხვალ, ზეგ გამოჩნდება ალბათ, რის გაკეთებას აპირებენ. ახლა უნდა გავიდე ადგილზე და გავეცნობი სიტუაციას”, – განუცხადა “კვირას” გამგებელმა.