გალში ოთხმხრივი შეხვედრები შესაძლოა აღდგეს
რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები 17-18 მარტს გალში ოთხმხრივი შეხვედრების განახლების საკითხებს განიხილავენ. ამის შესახებ “სპუტნიკ აფხაზია” აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ ჩირიკბაზე დაყრდნობით წერს.
გალის რაიონში შეხვედრები ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 2012 წლის აპრილიდან არ გამართულა.
ჩირიკბას თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და აფხაზეთის დელეგაციების შემადგენლობები განიხილება. აფხაზური მხარე მოითხოვს, რომ დელეგაციის შემადგენლობა ძველი იყოს და მასში „საზღვრისპირა“ რეგიონების ადმინისტრაციების ხელმძღვანელები და სამართალდამცევლი ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე განიხილავენ ჟენევის დოსკუსიების დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებს და ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეებისთვის „საზღვარზე“ გადაადგილებასთან დაკავშირებული ბარიერების მოხსნას.
ჩირიკბას თქმით, ლტოლვილების საკითხი ამ შეხვედრებზე არ განიხილება.