ტექნიკურ უნივერსიტეტში ჯრუჭის სახარება გამოიფინება

15 მარტს, 14:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამოფენას – „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ტექნიკურ უნივერსიტეტში“ გამართავს. მათთვის, ვისაც საქართველოს ისტორიის უკეთ გაცნობა სურს და ვისაც არასდროს უნახავს ჯრუჭის სახარება, საშუალება ექნება, გამოფენაზე მოინახულოს.
გამოფენის მიზანია, სტუდენტებს გავაცნოთ საქართველოში სამწიგნობრო კერების განვითარების ისტორია და ის ეტაპები, რომლებსაც უძველესი ხელნაწერის რესტავრაციის პროცესი მოიცავს. გამოფენა გაიმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსში, ქიმიური ტექნოლოგიიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის III სართულზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტაო-კლარჯული ხელნაწერის ჯრუჭის I სახარების ასლი და საინფორმაციო ბანერები საქართველოს სამწიგნობრო კერების შესახებ.
სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ისტორიას, თუ როგორ ვითარდებოდა საქართველოში ხელნაწერების გადაწერის კულტურა. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებული კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორიის მიერ ჩატარებული რამდენიმე წლის სამუშაოების ამსახველი ბანერები, რომლებზეც ასახული იქნება სხვადასხვა უძველესი და მნიშვნელოვანი ხელნაწერის რესტავრაციის პროცესები: ხელნაწერის გაწმენდის, ახალი ყდის შექმნის, ხელნაწერის ხელახლა აკინძვისა და სხვა ძალიან საინტერესო პროცესები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები