სულხან ცინცაძის სახელობის სიმებიანი კვარტეტი – 50 წლის საიუბილეო კონცერტს გამართავს
10 მარტს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ანსამბლის წევრებს (კონსტანტინე ვარდელი, თამაზ ბათიაშვილი, ნოდარ ჟვანია, ოთარ ჩუბინიშვილი), ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სამინისტროს სპეციალურ ჯილდოს, „ხელოვნების ქურუმს“ გადასცემს.
საიუბილეო კონცერტზე შესრულდება: ჰაიდნის, მოცარტის, შოსონის, კრუსელის, პიაცოლასა და სულხან ცინცაძის ნაწარმოებები. კვარტეტთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობენ: მსოფლიოში ცნობილი ქართველი და უცხოელი მუსიკოსები – ლიზა ბათიაშვილი, თამარ ლიჩელი და ფრანსუალ ლელუ; სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის საიუბილეო კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.