„აუცილებელია, შესწავლილი იქნას, რა პოტენციალი აქვს ქვეყანას და როგორ უნდა მოხდეს მისი გამოყენება“
პარტია „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის აუცილებელია ხელისუფლებამ 3 მთავარი პუნქტი შეასრულოს.
„დღეს ყველაზე მეტად საჭიროა: 1. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დააკომპლექტოს მეცნიერებათა აკადემიიდან მეცნიერთა ჯგუფი, რომ გაკეთდეს ანალიზი და შესწავლილი იქნას, თუ რა პოტენციალი აქვს ქვეყანას. არავინ იცის, როგორია ამ ქვეყნის პოტენციალი. დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და მეცნიერებმა უნდა დაწერონ დასკვნა, რისი გაკეთება შეიძლება ამ ქვეყანაში. 2. საჭიროა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის რეალური ანალიზი, რომელიც მთავრობამ ან რომელიმე პარტიამ კი არ უნდა გააკეთოს, არამედ – დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა, იქნება ეს საერთაშორისო თუ ქართველი ექსპერტების მონაწილეობით. 3. უნდა შედგეს პროგრამა, თუ როგორ ავამოქმედოთ ქვეყანაში არსებული პოტენციალი.
ეს პროცესები უნდა დააფინანსოს ხელისუფლებამ, ქვეყნის პოტენციალის და მდგომარეობის ანალიზს გააკეთებენ მეცნიერები, რის შემდეგაც საჭიროა ამავე ექსპერტებმა დაწერონ პროგრამა, თუ როგორ ავამოქმედოთ ქვეყანაში არსებული პოტენციალი“,- განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.
გარდა ამისა, შაშიაშვილმა ქვეყანაში მოქმედ პოლიტიკურ სპექტრს „ნდობის დარბაზის“ შექმნაც შესთავაზა.
„ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს, პარტიებს შევთავაზეთ და დღესაც ვთავაზობთ, შევქმნათ „ნდობის დარბაზი“. ეს შეთავაზება ჯერ კიდევ 2005 – 2006 წლებში გავაკეთეთ. ვთავაზობ მათ, ჩვენს გარეთ სრული კონსესუსით ავირჩიოთ ექსპერტები და მეცნიერები, რომელთა ობიექტურობაში ეჭვი არ გვეპარება და შევქმნათ გუნდი. მივიდეთ შემდეგ ამ გუნდთან ჩვენი პროგრამით და ყველამ წარვადგინოთ. იქნებოდა შეკითხვებიც, განხილვაც და თუკი ეს გადაიცემოდა ტელევიზიით, ამას მოისმენდა მთელი საქართველო“,- აღნიშნა შაშიაშვილმა.