ზაქარია ქუცნაშვილი: ვიზალიბერალიზაცია საშუალებას მისცემს ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეებს, დაბრუნდნენ საქართველოში

უვიზოდ მიმოსვლის პირობებში, ჩვენს სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, ევროპაში გაატარონ არდადეგები, მოძებნონ უმაღლესი სასწავლებლები და ჩაბარება სცადონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულების შეფასებისას განაცხადა.
როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, ევროპამ გადაწყვიტა, რომ მიმართოს ევროპის საკანონმდებლო ორგანოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეებს 90 დღით ევროპაში ყოფნის უფლება ექნებათ.
“ეს საშუალებას მისცემს, ერთი მხრივ, არალეგალურ ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეებს დაბრუნდნენ საქართველოში, მოინახულონ მრავალი წლის უნახავი მშობლები, ახლობლები და ამით ევროპაში დაბრუნების უფლება არ დაკარგონ. ასევე ჩვენს სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, რომ ევროპაში გაატარონ არდადეგები, მოძებნონ უმაღლესი სასწავლებლები და ჩაბარება სცადონ, ბიზნესმენებს საშუალებას აძლევს, მოლაპარაკებების პროცესში არ იყვნენ დროში შეზღუდულები. ასე, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც უკვე გავიდა ევროპის საკანონმდებლო ხელისუფლების ხელში, ჯამში, ჩვენს მოქალაქეებს ამ შესაძლებობებს აძლევს”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
კითხვაზე, რამდენად არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ევროპის საკანონმდებლო ორგანოებმა აღნიშნული ცვლილებები იმ ვადაში მიიღონ, რაც დასახელდა, ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ევროპის პარლამენტი და ევროპის საბჭო.
“მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირში შედის 27 ქვეყანა, ხოლო ევროპის საბჭოში – 47, შესაბამისად, გადაწყვეტილებას ეს ორი ორგანო იღებს, რითაც ამ კანონს უკვე სავალდებულო ხასიათი ეძლევა”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები