დავით ბაქრაძე: ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების ვადები ქართულ მხარეზე დამოკიდებული არ არის
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების ვადები ქართულ მხარეზე დამოკიდებული არ არის.
“ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი არის თანამიმდევრული იმ პოლიტიკაში, რომელსაც ის ახორციელებს მის მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებში. საქართველოს ევროპულ მისწრაფებას მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოს მოქალაქეებისთვის და იმ თავისუფლებებს, რომლებიც დღეს გვაქვს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა, დაემატება კიდევ ერთი, უვიზოდ გადაადგილების თავისუფლება. ვფიქრობ, ეს არის ნათელი წინგადადგმული ნაბიჯი და დაფასება იმ შრომის და შედეგების, რაც ქართულმა საზოგადოებამ მიიტანა ევროკავშირის ყურადღებამდე”, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე განცხადებუთ, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან არაერთი საუბარი შედგება, რათა სიურპრიზები არ იყოს. კითხვაზე, რა ვადებში ამოქმედდება უვიზო მიმოსვლა, მინისტრმა უპასუხა, რომ ეს ქართულ მხარეზე დამოკიდებული არ არის.