დიმიტრის ავრამოპულოსი – საქართველოსთან უვიზო რეჟიმი, სავარაუდოდ, ზაფხულში ამოქმედდება
საქართველოსთან უვიზო რეჟიმი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულში ამოქმედდება. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრი ავრამოპულოსმა განაცხადა.
„მე იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში ზაფხულისთვის შევა. ამ ყველაფერს 3-4 თვე დასჭირდება“, – განაცხადა ავრამოპულოსმა.
მანამდე ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო გადავა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებსაც ევროკავშირში ჩასასვლელად ვიზა აღარ დასჭირდებათ.
„საქართველომ მიაღწია მაჩვენებლებს, რომელთა შესრულება ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს 2013 წლის თებერვალში წარუდგინეს. საქართველო ასრულებს არსებულ კრიტერიუმებს იმისათვის, რომ მის მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩასასვლელად ვიზები არ დასჭირდეთ“, – ნათქვამია დოკუმენტში.