ევროკომისია ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს
ევროკომისიამ მოუწოდა ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოებს, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
იმ შემთხვევაში, თუ ევროპარლამენტი და ევროსაბჭო ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ჩასვლას უვიზოდ 90 დღის განმავლობაში შეძლებენ. საქართველოს მოქალაქეებს სამუშაოდ კვლავ ვიზის აღება დასჭირდებათ.
ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პროგრესით ახსნა, რომელსაც საქართველომ სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხში მიაღწია. ევროკომისრების აზრით, ვიზების გაუქმება ევროკავშირთან კულტურულ და საქმიან ურთიერთობებს გაამყარებს.
რაც შეეხება უკრაინას, „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, მასთან დაკავშირებით სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის განხილვა აპრილისთვის გადაიდო.