საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში ვიზები უქმდება
მე ველი იმ დღეს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები დაიწყებენ შენგენის ქვეყნებში ვიზის გარეშე შემოსვლას, – ამის შესახებ ევროკომისარმა მიგრაციის, შიდა საქმეებისა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა.
როგორც მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ევროკომისიამ დღეს წარმოადგინა წინადადება, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზის გაუქმება განხორციელდეს, საქართველო შესაბამისად შევა იმ ქვეყანათა რიცხვში რომელთა მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა შენგენის ქვეყნებში ვიზის გარეშე შევიდნენ.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გააჩნიათ ბიომეტრიული პასპორტები ვიზის გარეშე შეეძლებათ შენგენის სივრცეში მოგზაურობა 90 დღის განმავლობაში.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ვიზალიბერალიზაცია მნიშნელოვანი ნაბიჯია, როგორც ადამიანებს, ისე კერძო კომპანიებს და ზოგადად ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისათვის.
“მოხარული ვარ, გამოვაცხადო სასიამოვნო და დადებითი სიახლეები. ევროკომისიამ დღეს წარმოადგინა წინადადება, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზის გაუქმება განხორციელდეს. საქართველო შესაბამისად შევა იმ ქვეყანათა რიცხვში, რომელთა მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა შენგენის ქვეყნებში ვიზის გარეშე შევიდნენ. ეს, რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი და სიურპრიზი, ვინაიდან გასული წლის დეკემბერში დადებითი შეფასება მოჰყვა საქართველოს მიერ წარმართულ საქმიანობას და მან შეფასების ყველა კრიტერიუმი შეასრულა.
საქართველოს მთავრობის მიერ შესაძლებელი გახდა ამ შედეგის მიღწევა. ახლა ეს წინადადება გადაეცემა ევროპის საბჭოს და ევროპარლამენტს, რომლებიც ვიმედოვნებ, მალე დაამტკიცებენ და მიიღებენ ამ წინადადებას. შემდეგ კი, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გააჩნიათ ბიომეტრიული პასპორტები შეეძლებათ ვიზის გარეშე შენგენის სივრცეში მოგზაურობისას 90 დღის განმავლობაში ბიზნესის, ტურიზმის, ტურისტული ან ოჯახური მიზეზების და დანიშნულების გამო იმოგზაურონ. უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ ითვალისწინებს და არ ანიჭებს მათ ევროკავშრის ქვეყნებში მუშაობის უფლებას”, – განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.