თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სტუდენტური ბილეთები გაიყიდება
10 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მოეწყობა პრესკონფერენცია სტუდენტურ ბილეთებთან დაკავშირებით.
პრესკონფერენციას გამართავენ თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი.
ახალი ინიციატივის წარდგენას დაესწრებიან: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ამაშუკელი, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი შალვა მაჭავარიანი და სხვა უმაღლესი სასწავლებლებისა და ოპერის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თვითმმართველობების წევრები.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის გადაწყვეტილებით, ოპერაში ამოქმედდა სტუდენტური ბილეთები, რომელიც ქვეყნის ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მათთვის საოპერო და საბალეტო სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 7, ხოლო პრემიერაზე 10 ლარი იქნება.
ოპერის თეატრმა თითოეულ სპექტაკლზე დასასწრებად უკვე გამოყო 100-100 ბილეთი. ახალგაზრდების დაინტერესების შემთხვევაში ეს რაოდენობა გაიზრდება. ბილეთების შეძენის მსურველებმა ოპერის სალაროში უნდა წარადგინონ სტუდენტური ბილეთები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ სტუდენდური ბილეთები კიდევ უფრო მეტად გაზრდის ახალგაზრდების ინტერესს ოპერისა და ბალეტისადმი.