ევროკომისია – საქართველო იმ ქვეყნების სიაში გადავა, ვისაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა აღარ დასჭირდება
საქართველო იმ ქვეყნების სიაში გადავა, ვისაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა აღარ დასჭირდება – ნათქვამია ევროკომისიის მიერ მომზადებულ განცხადებაში, რომელიც საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომზადდა და ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
აღნიშნული წინადადება ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს წარუდგინა. ორმა უწყებამ საბოლოოდ უნდა მოახდინოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება. სავიზო რეგულაციების შესახებ დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამოქმედდება მაშინვე, როცა ის ძალაში შევა.
“საქართველომ მიაღწია ყველა იმ ნიშნულს, რაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში იყო აღნიშნული და რომელიც საქართველოს მთავრობას 2013 წლის თებერვალში წარედგინა. საქართველო ასრულებს არსებულ კრიტერიუმებს იმისათვის, რომ საკუთარ მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისთვის ვიზა არ დასჭირდეთ”, – აღნიშნულია დოკუმენტში.