კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას აბსურდულს უწოდებს

„საუბარი იმაზე, რომ ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშზე ვინმე თანხებს რიცხავს, აბსურდია“ – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა გადაცემაში „არჩევანში“ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ენერგეტიკის სამინისტროს ანაგარიში არ გააჩნია და წარმოუდგენელია, ვინმე ხაზინაში სამინისტროსთვის თანხებს რიცხავდეს.
“ეს არის ძალიან დიდი სიცრუე. საერთოდ არ მესმის, რაზეა საუბარი და რამდენად ღირს ამაზე სერიოზულად საუბარი. საუბარია ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშზე გადარიცხვაზე, ამ დროს, სამინისტროს ანგარიში არ გააჩნია. ერთადერთი ანგარიში, ეს არის ხაზინა და არ მგონია, ვიღაც ხაზინაში თანხებს რიცხავდეს სამინისტროსთვის. რაც შეეხება კალა კაპიტალს, ასეთი ბანკი არ არსებობს საქართველოში, თუ სადმე უცხოეთში არის ასეთი ბანკი, არ ვიცი. ბანკი, რომელთანაც მე მქონდა კავშირი და ვიყავი დამფუძნებელი, ეს იყო “პროგრეს ბანკი”, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ჩემს მიერ იქნა გასხვისებული. არ ვამბობ, რომ “ეს ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიგონა. შეიძლება, ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, მაგრამ მგონია, რომ ეს თემა მიზანმიმართულად არის წამოწეული”, -განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშზე კრიმინალურმა ავტორიტეტმა, დავით ქარსელაძემ თანხა გადარიცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები