თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა პრაღაში შედგება

პრაღაში One world film festival-ზე კინოდოკუმენტალისტ თომა ჩაგელიშვილის ახალი დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგება. ქართულ-გერმანული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით, – „მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე“, – რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პერიოდს ეხება.
“კვირასთან“ საუბრისას თომა ჩაგელიშვილი ამბობს, რომ ფილმზე მუშაობა ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მოქმედება შიდა ქართლში, რუსი სამხედროების მიერ გავლებულ გამყოფ ხაზთან ხდება და იქ მცხოვრები ადამიანების ყოფას ასახავს.
„ჩვენ ამ ფილმით გვინდა მსოფლიოს შევახსენოთ, რომ რუსეთის მხრიდან მცოცავი ოკუპაცია გრძელდება და ამ ფონზე რუსი სამხედროების მიერ გავლებულ გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანების ცხოვრება კიდევ უფრო რთულდება. სირიისა და უკრაინის კონფლიქტების ფონზე, საქართველოს პრობლემა მსოფლიოს ასპარეზზე რატომღაც ისე მწვავედ აღარ დგას, რაც, სამწუხაროა. სწორედ ამიტომ ჩვენ გვინდა, საერთაშორისო საზოგადოებას შევახსენოთ, თუ რა სავალალო შედეგები მოსდევს ხელოვნური საზღვრების არსებობას“, – აცხადებს კინოდოკუმენტალისტი.
თომა ჩაგელიშვილის თქმით, საკონკურსო ჩვენებები 11,13 და 16 მარტს გაიმართება. ფილმის მოგზაურობა ჩეხეთიდან იწყება და მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალზე გაიგზავნება. ფილმის ქრონომეტრაჟი 70 ათი წუთია, ასევე მზადდება ფილმის სატელევიზიო ვერსიაც, რომელთა ჩვენება ევროპის სხვადასხვა არხზე იგეგმება. ფილმის სატელევიზო ვერსია 52 წუთი იქნება. თომა ჩაგელიშვილი ვარაუდობს, რომ ფილმის პრემიერა საქართველოში წლის ბოლოს გაიმართება. ფილმის მწარმოებლები არიან: T-stuio და Kloos&co.Medien Gmbh. პროექტის პარტნირები არიან: საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების სანდენსის ინსტიტუტი, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, კავკასიური სახლი.
თომა ჩაგელიშვილი პრაღაში 10 მარტს გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები